ხშირად სინუსიტს ხალხური, შინაური მეთოდებით მკურნალობენ. მისაღებია ისინი?
სინუსიტის დროს ბევრი მართლაც იწვეთებს ცხვირში ბოსტნეულის წვენს, იდებს ძგიდეზე კომპრესს... ამ დაავადების დროს ხალხურ მედიცინას ნუ ენდობით. გართულების (სეფსისის, მენინგიტის) თავიდან ასაცილებლად სინუსიტების მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს თავიდან ბოლომდე ექიმის მეთვალყურეობით და მხოლოდ ტრადიციული წესით. თვითმკურნალ­ობის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვა­რიანტია ინჰალაცია. იგი უნდა გავიკეთოთ გა­ხანგრძლივებული სურდოს მე-5-7 დღეს. აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი სალბის ფოთოლი, გვირილის ყვავილი და კალენდულა, დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ქურიდან. პროცედურისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინჰალატორი ან ფაიფურის ჩაიდანი. თუ ალერგია არ გაქვთ, კარგია მენთოლის ზეთისა და პროპოლისის ინჰალაციაც.     წყარო: http://www.mkurnali.ge/
როგორ ამოვიცნოთ სინუსიტი?
გახანგრძლივებული სურდო საშიში არ არის, მაგრამ თუ, მკურნალობის მიუხედავად, ბავშვს ცხვირი 7-10 დღეა გაჭედილი აქვს და უკეთესობას ვერ გრძნობს, არსებობს რისკი, წიაღებში ანთებითი პროცესი დაიწყოს. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს:
  • ხანგრძლივი სურდო ჩირქოვან-ლორწოვანი ან წყლიანი გამონადენით;
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხანგამოშვებითი გაჭედილობა ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში;
  • ხახის სიმშრალე;
  • ხშირი ამოხველება, დილაობით ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის ჭარბი გამოყოფა;
  • ანთებითი წიაღის მიდამოში ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ - ტკივილი კბილის, თვალების, ყვრიმალების და ლოყების მიდამოში;
  • სახის ნაწილის მომატებული მგრძნობელობა;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება (380C და მეტი). როგორც წესი, ასეა მწვავე სინუსიტის შემთხვევაში. ქრონიკული პროცესის დროს სხეულის ტემპერატურა იშვიათად იწევს ან სუბფებრილურ ზღვარზეა (37-37,50C);
  • საერთო სისუსტე, მეხსიერების დასუსტება, ადვილად დაღლა, გაღიზიანება, სინათლის შიში, ცრემლდენა, უმადობა, ძილის დარღვევა;
  • ყნოსვის დაქვეითება ან გაქრობა;
  • ლოყის და ქუთუთოს შეშუპება.
ყველა სიმპტომი ძლიერდება თავის წინ დახრის დროს (თასმის შეკვრის სინდრომი). თანდათანობით ტკივილის ლოკალიზაცია ბუნდოვანი ხდება, ბავშვს სტკივდება თავი. დაავადების გაქრონიკულება რომ არ დავუშვათ, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. თუ ბავშვს აქვს რამდენიმე ეს სიმპტომი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მხოლოდ მას შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.       წყარო: http://www.mkurnali.ge/
როდის კეთდება ჰაიმორის ღრუს პუნქცია?
პუნქცია კეთდება განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში, მაგრამ მისი ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ჰაიმორიტის დროს, რადგან სხვა წიაღები მიუწვდომელია გამორეცხვისთვის. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. შესაძლებელია წიაღის უსისხლო დრენაჟიც კათეტერის საშუალებით. წიაღების გამორეცხვა წნევის ქვეშ ხორციელდება ვაკუუმის დანადგარით. უარყოფითი წნევით ჩირქი წიაღიდან გამოგვაქვს და მასში წამალი შეგვყავს.     წყარო: http://www.mkurnali.ge/
როგორ სვამენ დიაგნოზს?
ოტორინოლარინგოლოგები სინუსიტის დიაგნოზს, ჩვეულებრივ, რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე სვამენ. დღეისთვის დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმაციული მეთოდია დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია. დამხმარე მეთოდად მიიჩნევა დიაფანოსკოპია. როგორ მკურნალობენ სინუსიტს? - პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, შეშუპების მოხსნაა, რათა ლორწომ ბუნებრივი გზით გამოსვლა შეძლოს. ამისთვის საჭიროა დღეში 3-4-ჯერ სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების (ნაფტიზინი, სანორინი, გალაზოლინი) ჩაწვეთება.
  • პარალელურად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო (პროტარგოლი, კოლარგოლი), ანტიბაქტერიული და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარა­ტები.
  • თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო და წიაღების ანთებამ მიიღო ჩირქოვანი ფორმა, ინიშნება ანტიბიოტიკები.
  წყარო: http://www.mkurnali.ge/
როდის ვითარდება ქრონიკული სინუსიტი?
თუ მწვავე სინუსიტს არ ვუმკურნალეთ, ის მიიღებს ქრონიკულ ფორმას. ამ დროს დაავადება თითქოს უკან იხევს: თავის ტკივილი თანდათანობით ქრება და სიმძიმის შეგრძნებაში გადადის, ცხ­ვირი გვეჭედება არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ წოლისას, ჩნდება სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ცხვირ-ხახის ქრონიკული ანთებისთვის: ჩახეხილობა, ყლაპვისას ყელის ტკივილი, სიმშრალე. ზოგჯერ ეს პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და წლების შემდეგ იჩენს თავს. გაქრონიკულებული სინუსიტი ხშირად იწვევს გართულებებს შინაგანი ორგანოების: გულის, თირკმელების, ღვიძლის, ფილტვების, - მხრივ.   წყარო: http://www.mkurnali.ge/
რა იწვევს სინუსიტს?
სინუსიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ბოლომდე არანამკურნალევი სურდო და ფეხზე გადატანილი მწვავე ვირუსული ინფექცია (გრიპი, წითელა და სხვა). ასევე - ის მდგომარეობები, რომლებიც ართულებს ცხვირით სუნთქვას: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქრონიკული (ალერგიული ან ვაზომოტორული) სურდო. ხშირად სინუსიტს პროვოცირებას უწევს დაავადებული ადენოიდები ან ზედა უკანა ოთხი კბილის ფესვის დაავადებები. თავდაპირველად წიაღში ხვდება დაავადების გამომწვევი მიკრობები, ხოლო ორგანიზმი იმუნიტეტის დაქვეითების, გაციების ან ალერგიის გამო ვერ ერევა ინფექციას. შეშუპების გამო წყდება წიაღის ვენტილაცია, ის იზოლირდება ცხვირის ღრუსგან, მაგრამ მასში თანდათანობით გამოიყოფა ლორწო, რომელიც ნელ-ნელა ავსებს წიაღს. წარმოიშობა იდეალური პირობები მიკრობების გამრავლებისთვის და წიაღში გროვდება ჩირქი.   წყარო: http://www.mkurnali.ge/
როგორ მიმდინარეობს სინუსიტები ბავშვებში?
დაბადებისას დამანატი წიაღები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. მათი ფორმირება სხვადასხვა ასაკში ხდება. თუკი წიაღი არ არსებობს, ბუნებრივია, ვერც მისი ანთება განვითარდება... თავდაპირველად შუბლის წიაღები ყალიბდება, ამიტომ პატარა ბავშვებს უმეტესად მათი ანთება - ეთმოიდიტი ემართებათ. მოზრდილებში ხშირად გვხვდება პოლისინუსიტი - ყველა წიაღის ერთდროული ანთება. ყველა წიაღს, განურჩევლად ზომისა, აქვს პატარა მილი, რომლითაც იგი ცხვირის ღრუში იხსნება. ლორწოვანი გარსის შეშუპების დროს გამოსავალი მილები იხშობა, ირღვევა წიაღიდან ლორწოს დენა, რის შედეგადაც ვითარდება ანთება.   წყარო: http://www.mkurnali.ge/
რა არის სინუსიტი?
იმისთვის, რომ გასუფთავდეს, ჰაერმა ცხვირში არსებული ლორწოვანი გარსით დაფარული ღრუების რამდენიმე ლაბირინთი უნდა გაიაროს. ამ ღრუებს დანამატი წიაღები ეწოდება და ემსახურება არა მარტო კომფორტულ სუნთქვას, არამედ წნევის გათანაბრებას ქალას ღრუ წარმონაქმნებსა და ატმოსფეროს შორის. ამ წიაღების ანთებას ექიმები სინუსიტს უწოდებენ (ლათინურად სინუს წიაღს ნიშნავს). ადამიანს ცხვირის სულ 4 წყვილი დანამატი წიაღი აქვს: ჰაიმორისა, შუბლისა, ძირითადი და ცხავისა. ჰაიმორის წიაღი ყველაზე დიდია, ამიტომ ჰაიმორიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სინუსიტია. მისი სიმპტომები პირველად ექიმმა ჰაიმორმა აღწერა XVII საუკუნეში. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც.   წყარო: http://www.mkurnali.ge/
ყურის ანთების შიშით ბევრი სითბოშიც ვერ ელევა ქუდს. მზრუნველი მშობლები პატარებს ხშირად არათუ გარეთ, შენობებშიც კი არ უშვებენ უქუდოდ. ზოგი კი ყინვაშიც უქუდოდ დადის და არც სინუსიტი ემართება, არც ყურის ანთება. რას ეტყვით ქუდის მოყვარულებს? რა პირობებში, რამდენი გრადუსის ფარგლებშია რეკომენდებული ქუდის დახურვა ანთებისაგან ყურების დასაცავად?
ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. არ ვარგა ბავშვის სახლში გამოკეტვა ან ქუდით ტარება იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებები, კერძოდ, აცრების დროულად ჩატარება, ბავშვების სუფთა ჰაერზე გაყვანა, მზის აბაზანები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის გაკაჟებას, რაც ინფექციებისადმი მდგრადობას საგრძნობლად ამაღლებს. ასეთი ადამიანების ავადობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე მათი, ვინც ინფექციებს სახლში ჩაკეტვით ან ზედმეტად თბილად ჩაცმით ებრძვის. პირიქით, ამ დროს იმუნური სისტემა უფრო სუსტდება, ორგანიზმის გადახურებისას კი ოფლიანობა და, შესაბამისად, გაციების რისკიც მაღლა იწევს.   წყარო: http://www.mkurnali.ge/
რატომ არის აუცილებელი ექიმთან მისვლა, სათანადო მკურნალობის გარეშე რა გართულება შეიძლება მოჰყვეს შუა ყურის ანთებას.
ექიმთან მისვლა, უწინარესად, სწორი დიაგნოსტიკისთვის არის მნიშვნელოვანი. ექიმმა სათანადო გამოკვლევებზე დაყრდნობით უნდა განსაზღვროს, ყურის რომელი სტრუქტურის პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. არასრულფასოვანი ან დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში მოსალოდნელია ისეთი გართულებები, როგორებიცაა მასტოიდიტი, ლაბირინთიტი, სახის, სმენისა და ვესტიბულური ნერვების დაზიანება, დაფის აპკის მდგრადი პერფორაცია ანუ ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი.   წყარო: http://www.mkurnali.ge/
სითბოს ეფექტზე რას გვეტყვით? ნებადართულია თუ არა ტრადიციული ცხელი მარილის სათბურა? საზოგადოდ, რას გულისხმობს პირველი დახმარება ყურის ტკივილის, მისი ანთების დროს? ექიმთან მისვლამდე როგორ მოვიქცეთ?
ანთების საწყის სტადიაზე შეიძლება მშრალი სითბოს გამოყენება, თუმცაღა დიდი მნიშვნელობა აქვს ზომიერებას. ამ დროს, როგორც წესი, სისხლძარღვები ფართოვდება, რაც ჰიპერემიის გაძლიერების საშიშროებას ქმნის. ზოგი სათბურას ყურის უკანა მიდამოში ყინულის დადებას ამჯობინებს. ექიმთან წასვლამდე, უპირველესად, შუა ყურის დრენირების ბუნებრივი გზა უნდა აღვადგინოთ, რაც ცხვირში სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების შესხურებით მიიღწევა, ყურში უნდა ჩავიწვეთოთ შედარებით უსაფრთხო პრეპარატი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ექნება, ვერიდოთ საეჭვო არატრადიციულ საშუალებებს, მივიღოთ ანთების საწინააღმდეგო ანალგეზიური საშუალებები, ანტიბიოტიკების მიღება კი მხოლოდ ექიმთან ვიზიტის შემდეგ დავიწყოთ.   წყარო: http://www.mkurnali.ge/
ყურის ტკივილის დროს ბევრი თვითმკურნალობას იწყებს, ისე, რომ არც კი იცის, ყურის რომელ ნაწილს მოიცავს ანთება, რა პროცესები მიმდინარეობს. იწვეთებენ სხვადასხვა მედიკამენტს, ქაფურის სპირტს, ანთების საწინააღმდეგო წვეთებს, ანტიბიოტიკებს და სხვა. როგორ ჯობს მოქცევა ამ დროს, რა არის ნებადართული და რა – კატეგორიულად აკრძალული?
პაციენტები თვითმკურნალობით ხშირად უფრო მეტ პრობლემას იქმნიან. შედეგად მკურნალობაც ხანრძლივდება და მასთან დაკავშირებული ხარჯებიც იზრდება. თანაც, პაციენტისათვის ძნელი გასარკვევია, ყურის რომელი სტრუქტურა აქვს დაზიანებული. თითოეული ნაწილის მკურნალობა კი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. მაგალითად, დაფის აპკის დაზიანებისას, როდესაც გარეთა სასმენ მილში ჩირქოვანი ან ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენი შეინიშნება, ყურში ჩასაწვეთებელი წამალი უნდა შეიცვალოს. ამასთან, ჯერ გარეთა ყურის ტუალეტი (ანუ გამოსუფთავება) უნდა ჩატარდეს  და მერეღა ჩავიწვეთოთ წამალი. სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად არატრადიციულ მეთოდებს მიმართავენ - იწვეთებენ ნივრის, ლიმონის წვენს, თხის ქონს ან დინდგელს, რაც დაუშვებელია - ანთებით პროცესს უფრო მეტად ამწვავებს. რაც შეეხება ქაფურის სპირტს, ის ანტისეპტიკური და ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) პრეპარატია. გაუზავებელი სახით მისი ყურში ჩაწვეთება არ შეიძლება - ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს. ძლიერი სითბური ეფექტის გამო შესაძლოა ყურის დამწვრობაც კი გამოიწვიოს. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ბავშვებთან ქაფურის სპირტის გამოყენებისას, მით უფრო - როცა არ ვიცით, როგორია დაფის აპკის მდგომარეობა. ცალკეულ შემთხვევებში ქაფურის სპირტმა შესაძლოა გულყრაც კი გამოიწვიოს. ქაფურის სპირტის გამოყენება ყურის ირგვლივი კომპრესისთვის უფრო მიზანშეწონილია. წყარო: http://www.mkurnali.ge/
რა სიმპტომებით ვლინდება შუა ყურის ანთება და რა შემთხ¬ვევაში მივმართოთ ექიმს?

შუა ყურის ანთების დროს უმთავრესად უჩივიან მწვავე ტკივილს, რომელიც გადაეცემა თვალბუდეს, თავს, ყბის ძვალს, მწვავდება ცემინების, მთქნარების, ტირილის დროს. ახალშობილებში ტრაგუსზე (გარეთა სასმენი მილის წინა კედელთან არსებულ ხრტილოვან წარმონაქმნზე) ზეწოლა ტკივილს აძლიერებს. დიდებში იგივე სიმპტომი მხოლოდ გარეთა ოტიტის (ყურის ანთება) დროს შეინიშნება. პატარებში მწვავედ მიმდინარე ჩირქოვანი პროცესის დროს მოსალოდნელია ყურის უკანა მიდამოს მტკივნეულობა (მასტოიდიზმი) ან შეშუპება - მოცულობითი წარმონაქმნი (მასტოიდის აბსცედირება). ხშირია მაღალი ტემპერატურული რეაქცია, სისუსტე, გაღიზიანებადობა, ბავშვებში - ჭირვეულობა, უძილობა, ინტენსიური ტირილი. ტკივილის შესამცირებლად პაციენტები მტკივან ყურზე წოლას არჩევენ. ამ დროს შუა ყურში არსებული ანთებითი სითხე დაფის აპკს აწვება და შუა ყურის მედიალურ კედელზე არსებულ ნერვულ წნულს აღარ აღიზიანებს. შუა ყურის ანთების დროს ხშირად შეინიშნება სმენის დაქვეითება. ტოქსინების შიგნითა ყურში შეჭრის შემთხვევაში სმენის ნერვის დაზიანება და თავბრუხვევა-წონასწორობის მოშლაც მოსალოდნელია. თუ მტკივნეულობა მეორე დღესაც გაგრძელდა, გამწვავდა, ანდა გარეთა სასმენ მილში ჩირქოვანი ან ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენი შეინიშნება, ექიმს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივმართოთ.

წყარო: http://www.mkurnali.ge/

უმეტესად რა იწვევს ყურის მწვავე ანთებას? რა პათოლოგიური ძვრები მიმდინარეობს ამ დროს შუა ყურში? ვინ შედის რისკჯგუფში?

შუა ყურის მწვავე ანთებას უმთავრესად ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები იწვევს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე ზედა სასუნთქი გზების შეშუპებით მიმდინარე ალერგიული რეაქციები. ამ დროს შეშუპება ცხვირ-ხახიდან ევსტაქის მილებზე ვრცელდება, რაც მათ ობსტრუქციას (დახშობას) და შუა ყურის ანთების განვითარებას განაპირობებს. მოგეხსენებათ, შუა ყური ჰაერით სავსე ღრუ ორგანოა, რომელიც ევსტაქის მილით ცხვირ-ხახას უკავშირდება. მილის ნორმალური ფუნქციობის შემთხვევაში შუა ყურში ჰაერის მუდმივი განახლება, შუა ყურის წნევის ნორმალიზება და წარმოქმნილი სეკრეტის გამოდევნა თავისთავად ხდება. ევსტაქის მილების ბლოკირება შუა ყურის აერაციის დარღვევას, ლორწოს პასაჟის შეფერხებას და ვირუსული ან ბაქტერიული მიკრობების გამრავლებას უწყობს ხელს. შუა ყურის ანთება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა, ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, უმეტესად ბავშვთა ასაკში შეინიშნება. ბავშვის ევსტაქის მილი შედარებით ვიწროა და ჰორიზონტალურადაა განლაგებული, რაც ინფექციის შეჭრას და დაყოვნებას აადვილებს. ბავშვებთან შუა ყურის ანთების სიხშირეს ადენოიდური ვეგეტაციების ჰიპერტროფიაც უწყობს ხელს - მოგეხსენებათ, ისინი ევსტაქის მილების სანათურთან ახლოს მდებარეობენ და ჰიპერტროფიის შემთხვევაში მათ ჩაკეტვას იწვევენ.

წყარო: http://www.mkurnali.ge/